„თავისუფალი საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებული უნდობლობა – ნდობით შეიცვალოს და ქართველებმა და აფხაზებმა, კვლავ ერთ, საერთო სახლში იცხოვრონ, რომელსაც დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო ჰქვია”, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ აფხაზეთის ომიდან 28 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი დღე უმძიმესია ქვეყნის ისტორიაში.
„ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 28 წელი გავიდა… 14 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული ასოებით ჩაიწერა. ამ დღის გახსენება უმძიმესია ყველა ჩვენგანისთვის. უაღრესად მტკივნეული კი, იმის აღიარებაა, რომ მაშინ ვერ შევძელით ქართველებსა და აფხაზებს შორის ეს ტრაგედია შეგვეჩერებინა. ორი ერის ურთიერთობას ეს ტკივილი ახლაც თან გასდევს. უკიდურესად მტკივნეულია დღევანდელი რეალობაც. აფხაზეთი, დანარჩენი საქართველოდან, კვლავ ე.წ. საზღვრით არის გამოყოფილი. მტკივნეულია და ამავე დროს სამარცხვინო ისიც, რომ არცერთ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა უნარი, საერთო დიალოგის ენა მოგვეძებნა ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეებთან და აფხაზეთი, საქართველოს ეს უნიკალური რეგიონი უცხო ქვეყნის სამხედრო ძალებისაგან გაგვეთავისუფლებინა. მივმართავთ აფხაზეთიდან დევნილებს, რომელთათვის, კვლავ უმძიმესი და გაუსაძლისია იმასთან შეგუება, რომ საკუთარ მიწა-წყალზე, 28 წლის შემდეგაც, ისევ დევნილები არიან. მივმართავთ იმ ოჯახებს, რომლებმაც შვილები, ძმები, მამები, დედები, მეგობრები და ახლობლები დაკარგეს, ამ უთანასწორო, ყოვლად უსამართლო ბრძოლაში. ქედს ვიხრით ყოველი თქვენგანის წინაშე და იმედს გამოვთქვამთ, რომ დაღვრილი სისხლის ყოველი წვეთი სათანადოდ იქნება დაფასებული და არასოდეს მიეცემიან დავიწყებას ის გმირები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობასა და მის ნათელ მომავალს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს! დღეს არსებული უდიდესი ტკივილის მიუხედავად, მაინც არის იმის იმედი, რომ ძმათა შორის არსებული კონფლიქტი, მოლოდ მშვიდობით, ერთმანეთისადმი პატივისცემითა და ურთიერთგაგებით შეიცვლება. მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, ამ ფონზე კი იმედის მომცემია ის განცხადებები, რომელიც ქართულ-აფხაზური დიალოგის განახლების შესახებ ენგურს გადაღმა სულ უფრო ხშირად ისმის.”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28 წელი გავიდა.