მესტიის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ტესტირების მასშტაბი გაიზრდება, რადგან ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების 2 შემთხვევიდან, ერთი ქვედა მესტიის მკვიდრია.
„5 ახალი შემთხვევიდან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ ტესტირება დღეს ფართოვდება თვითონ დაბა მესტიაში, ასევე კიდევ რამდენიმე სოფელში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ ახსენებენ, რომ კორონავირუსის ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს. მუნიციპალიტეტში კიდევ 900-ზე მეტი ნიმუშის პასუხს ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყდება საჭიროა თუ არა ადგილზე შეზღუდვების გამკაცრება.
ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.