წითელმა ჯვარმა მესტიაში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

827
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა. კერძოდ, ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსით გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ, 270 სასურსათო და 270 ჰიგიენური ამანათით დაეხმარნენ.
“დახმარების მიზანია კორონავირუსის შედეგების შემსუბუქება, დახმარების გაწევასთან ერთად, აგრეთვე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ჰიგიენის წესებისა და პროფილაქტიკური ზომების შესახებ, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ინფექციის რისკის შესამცირებლად”, – ნათქვამია ადგილობრივი მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰუმანიტარული დახმარება 70 წლის და უფროსი ასაკის მარტოდ მცხოვრები ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.