ადგილობრივების თქმით, ადიგენის მერია მლაშის ხიდს მიზანმიმართულად არ აკეთებს

924

ადიგენში მცხოვრებლები სოფელ მლაშესთან არსებული რკინის ხიდის რეაბლიტაციას ითხოვენ. აქაურები ამბობენ, რომ უკვე წლებია მერიას ხიდის მოწყობას სთხოვენ, თუმცა თვითმმართველობა მიზანმიმართულად არ ეხმარება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

რკინის ხიდი, რომლის რეაბილიტაციასაც ადიგენის სოფლების მცხოვრებელები ითხოვენ, სოფლების ზარზმისა და მლაშის გასაყარზე, მდინარე ქვაბლიანზე მდებარეობს. როგორც აქაურები ამბობენ, იგი ადიგენს, მუნიციპალიტეტის 13 სოფელთან აკავშირებს. მათივე თქმით, ხიდის სავალი ნაწილი ყოველწლიურად ზიანდება და ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ დროებითი შეკეთებით შემოიფარგლება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კი, აქ გავლა შეუძლებელი გახდა, რადგან სავალი ნაწილი მწყობრიდან საერთოდ გამოვიდა.

„დანგრეულია, საერთოდ ვეღარ დავდივართ ამ ხიდზე. მოაჯირი არის მშვენიერი, მხოლოდ სავალი ნაწილის დაგება უნდა და რა გახდა?! მოაქვთ ძელები, ყრიან დანგრეულ ადგილზე და ორ თვეს არ უძლებს. ბოლო ერთი თვეა საერთოდ ვეღარ დავდივართ. წელიწადში მინიმუმ სამჯერ მაინც არემონტებენ და ლპება ეს ჩაყრილი ძელები. ამდენი ფული იხარჯება და ბოლო-ბოლო ამისი გაკეთება რა გახდა?!“, – ამბობს ჭელის მკვიდრი ჯამბულ აბულაძე.

მისივე თქმით, ხიდით სარგებლობს მლაშის, საირმეს, ჭელას, ჭეჭლას, კეხოვანის, მოხეს, ციხისუბნის, ზედუბნის, დერცელის, კიკიბოს, ნამინაურის, გორთუბნისა და აფიეთის მოსახლეობა. „ვაღიარებთ, რომ არის მლაშიდან შემოვლითი გზაც, მაგრამ რატომ უნდა შემოვიაროთ, როცა მოკლე გზა არსებობს და ეს არის ძირითადი გზა ამ სოფლებამდე მისასვლელად?“.

რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ხიდის შეკეთება, ამაზე ჯამბულ აბულაძეს თავისი მოსაზრება აქვს: „მიუხედავად არაერთი თხოვნისა, ადგილობრივი გამგეობა არ აკეთებს ხიდს, რადგან ჩვენი სოფლები „მეცამეტე რაიონად“ აქვთ გამოცხადებული. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპაქტურად აჭარელი მოსახლეობა ვცხოვრობთ უმრავლესობა. აჭარლები კი თვალში არ მოვუდივართ ადგილობრივ ხელმძღვანელობას ასე, რომ არ იყოს 9 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ნორმალურად გააკეთებდნენ“, – აცხადებს აბულაძე.

ადიგენის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ მათთვის ცნობილია. ხიდის რეაბილიტაციისთვის პროექტი შესყიდულია და ამ ეტაპზე დაფინანსებას ელოდებიან: „შესყიდული გვაქვს პროექტი და ყველაფერი დამოკიდებულია დაფინანსებაზე. მაგას უნდა სერიოზული სამუშაო და ასევე გზაა დარჩენილი და ისიც შეერთდება“, – ამბობს ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

კითხვაზე, როდის დაიწყება მშენებლობა შესყიდული პროექტის მიხედვით, სხირტლაძე ვერ აკონკრეტებს: „თანხის მოძიება უნდა ჯერ ამას, ტენდერზე რომ დავდოთ მილიონიანი პროექტი თანხა თუ არ გექნა რა აზრი აქვს?“

მისივე თქმით, ხიდის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 964 697 ლარია.