ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება. როგორც მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.
„ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლაში და ეს არის ძალიან მტკივნეული, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი საზოგადოებისთვის, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ, რომ ეს ყოველივე დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე.
თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთი, როგორიც ის არის დღეს, დღეს გვაქვს არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შეიძლება სექტემბერში სწავლის დაწყების რისკი შეიქმნას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოქალაქეების სრული მობილიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება, უსაფრთხო სკოლებში მიიღონ განათლება“,- განაცხადა ტიკარაძემ.