ახალციხის მერიის შეცდომა თუ დეპუტატის გავლენით დაკანონებული მიწა

443

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოქალაქის საჩივარი, რომელიც ახალციხის საკრებულოს ერთ–ერთი დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრს მიწის ნაკვეთის უკანონოდ დასაკუთრებას ედავებოდა. თუმცა ამით დავა არ დასრულებულა. მოსარჩელე მხარე ნაკვეთზე მშენებლობის დემონტაჟს ითხოვს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საქმე ეხება მეზობლურ დავას, რომელიც გასული წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის სიმამრმა თავისი სახლის მიმდებარედ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა და მშენებლობა დაიწყო.

მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მისი საკუთრება იყო და ბაბოიანის სიმამრს მერიამ კანონდარღვევით დაურეგისტრირა.

„ეს მიწის ნაკვეთი რომ ჩვენი იყო, მთელმა სამეზობლომ იცოდა. ჯერ კიდევ 2015 წელს მივედით მერიაში, დისკი და საბუთები მივიტანეთ, რომ მიწა დაგვერეგისტრირებინა, მაგრამ ეს საბუთები არ მიიღეს. გვითხრეს, მაგ მიწის ქვეშ წყლის კოლექტორი გადის, დაელოდეთ, კანონი შეიცვლება და მერე შეძლებთ დარეგისტრირებასო“ – აცხადებდა მომჩივანი მხარე „სამხრეთის კარიბჭესთან“ გასულ წელს.

მოდავე მხარის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი, ეკა აბაშიძე იცავს. მისი განმარტებით წყლის კოლექტორზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას კანონი კრძალავს, თუმცა მერიამ დეპუტატის ახლობელს მიწა მაინც დაუკანონა. მისივე თქმით ბოლო სხდომაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, სასამართლომ მათი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ქალაქის მერიამ დაარღვია კანონის მოთხოვნები. საკუთრების უფლება გაიცა კოლექტორზე, რაც კანონით აკრძალულია, ეს დაადგინა სასამართლომაც წყალკანალიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. მერიას მოუწევს გააუქმოს საკუთრების მოწმობა და დაწყოს საქმის წაერმოება ჩვენ. ამის შემდეგ მოვითხოვთ როგორც საკუთრების უფლების გაუქმებას, ისე იმ ტერიტორიაზე განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟს“ – აცხადებს ეკა აბაშიძე.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბაბოიანის სიმამრი, სამველ ეპრანოსიანი ჰყვება, მან სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცის, რადგან სხდომას არ ესწრებოდა და ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ ჩაჰბარებია.

ეპრანოსიანის მტკიცებით, იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკვეთით ნამდვილად თვითონ სარგებლობდა კითხვები არ არსებობს, რადგან მას ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს, მათ შორის მშენებლობის ნებართვა და პროექტიც.

„თავდაპირველად არც პროექტში იყო და არც მე ვიცოდი რომ აქ წყლის კოლექტორი იყო, სარდაფის გათხრა რომ დავიწყეთ და კედელი გამოჩნდა, მაშინ გავიგეთ. მაშინ მერიიდანაც იყვნენ მოსული, როგორც ჩანს მათაც მაშინ გაიგეს ამის შესახებ და მშენებლობის პროექტი შემიცვალეს, რაც ასევე ხარჯებთან იყო დაკავშირებული“.

ერანოსიანის განმარტებით, კორექტირებულ პროექტში წყლის შემკრებზე ნაგებობა ისე განათავსა, რომ საკმარისი სივრცე დარჩა იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში კოლექტორზე სამუშაოები ჩატარებულიყო.

„ავამაღლე ნაგებობა, ამაზე დამატებითი ხარჯები გავწიე, ისე გავაკეთეთ ყველაფერი რომ კოლექტორს ხელს არ უშლიდეს ნაგებობას, როგორც მითხრეს ისე. მთელ ქუჩაზე შენობები კოლექტორზე დგას და ის ყველას საკუთრებაში აქვს, ასეთი პროექტითაც კი არ აქვთ, პირდაპირ აქვთ დაშენებული და რა გამოდის, მთელი ქუჩა უნდა დავანგრიოთ?“ – კითხულობს ის.

გარდა ამისა, ერანოსიანი კატეგორიულად გამორიცხავს საქმესთან მისი სიძის, ამბარცუმ ბაბოიანის კავშირს.

„ოთხი კვადრატი მიწის გამო, ჩემ სიძეს უკანონო საქმეში როგორ გავრევდი. ვინ უკეთებს ახლობლებს ასეთ რამეს. მითუმეტეს საბუთები ყველაფერი წესრიგში მქონდა, რატომ უნდა ჩარეულიყო ჩემი სიძე“ – გვითხრა სამველ ერანოსიანმა.

საკითხთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარისგან ჯერ–ჯერობით თავს იკავებენ ახალციხის მერიაში. უწყებაში განმარტავენ, რომ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის კომისიას ჯერ არ ჩაბარებია.

„აღნიშნული კომისიის პოზიცია, სასამართლო გადაწყვეტილების დეტალურად გაცნობის შემდეგ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.