ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

1327

ბორჯომის სოფელ ყვიბისთან ბერის საყდრების მონასტერთან არქეოლოგიური გათხრებისას X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, იმ პერიოდში მოღვაწე ბერებს ეკუთვნით.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, აღმოჩენილი სარკოფაგი მნიშვნელოვანია როგორც ტაძრის არქეოლოგიური სტრუქტურის, ასევე რეგიონის ისტორიისა და კულტურის შესწავლისთვის. არექოლოგებმა სამარხში მონეტა და კერამიკის ნივთები იპოვეს.

„სარკოფაგების შესწავლა მოგვცემს საშუალებას გავიგოთ როგორ იკრძალებოდნენ იმ პერიოდში ბერები, ძალიან საინტერესო იქნება მათი შესწავლა“– გვითხრა სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.

მისივე თქმით, ბერის საყდრების მონასტერში კვლევითი სამუშაოები წლის ბოლომდე გასტანს, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება: „დადგინდა ტაძრის სტრუქტურა, გამოვლინდა არქიტექტურული დეტალები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე მუშაობა“.

ბერის საყდრები აგებულია X-XI საუკუნეებში. მის მშენებლობას წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, თევდორესა და ქრისტეფორეს სამცხეში მოღვაწეობას უკავშირებენ.