ბათუმის საკრებულოში შპს „ბათუმის წყალმა“ 2019 წლიდან დღემდე მუშაობის ანგარიში წარადგინა. „ბათუმის წყლის” ინფორმაციით, შეხვედრას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა, მარიკა გვიანიძემ იმ პროექტებსა და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, რაც „ბათუმის წყალმა“ ორი წლის განმავლობაში განახორციელა.
„20808 ახალი გამრიცხველიანებული აბონენტი, 3172 გამრიცხველიანებული არსებული აბონენტი. 533 შესრულებული ტექნიკური პირობა და გამრიცხველიანებული 20 ათასზე მეტი აბონენტი. ჯამში 26795 მრიცხველი მოეწყო. ახლად შემოერთებულ ტერიტორიაზე – ხელვაჩაური მოეწყო 16000 გრ/მ წყალმომარაგების მაგისტრალური და ინდივიდუალური ქსელი. ხელვაჩაურის ტერიტორიაზე გამრიცხველიანდა 2815 აბონენტი და სარგებლობს ახალი ქსელის წყლით. აღმოიფხვრა 1400 ავარიული დაზიანება, დაზიანებული წყლის მილების დიამეტრი 20-1100 მმ. გაუქმდა 27 ერთეული ძველი ქსელის 50-600 მმ დიამეტრის მილები, რისთვისაც მოეწყო 380 გრ/მ წყალმომარაგების ქსელი. ყინვის გამო დაზიანდა 700 მრიცხველზე მეტი და შეიცვალა. შესრულებული ტექნიკური პირობა: 131. ახალ სანიაღვრე სისტემაზე გადართული აბონენტები: 1540. ახალ წყალარინების სისტემაზე გადართული აბონენტები: 2767. ჯამში მოეწყო 50 ათასი გრ/მ ახალი ქსელი. მოეწყო 3000 გრ/მ ახალი სანიაღვრე სისტემა”,-აღნიშნა მარიკა გვიანიძემ.
„ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა, არაშემოსავლიანი წყლების კონტროლზეც ისაუბრა. ასევე შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ტბებზე გაწეული სამუშაოების შედეგები.
„არაშემოსავლიანი წყლების კონტროლისთვის შეიქმნა 14 იზოლირებული უბანი, რომელთა საშუალებით მოხდება წყალმომარაგების მთლიან სისტემაში ქალაქის მასშტაბით დანაკარგების კონტროლი და პრევენცია. საველე აპლიკაცია კოლექტორი წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელზე არსებული სახანძრო ჰიდრანტების და წყლის სამანიპულაციო ურდულების მდგომარეობის ამსახველი პროგრამული უზრუნველყოფა. ქალაქის მასშტაბით აღდგენილია 243 ურდული, შეკეთდა 80 არსებული სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა 42 ახალი ჰიდრანტი”, – განაცხადა გვიანიძემ.
მარიკა გვიანიძე ასევე შეეხო ლაბორატორიის მუშაობის საკითხს და აღნიშნა, რომ „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია უმაღლესი სტანდარტებისაა.
„2019 წელს გაიარა ლაბორატორიამ რეაკრედიტაცია და არის უმაღლესი სტანდარტების სასმელი წყლის ლაბორატორია. ლაბორატორია მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში, სინჯების აღება ხდება როგორც სათავე ნაგებობებზე, ასევე რეზერვუარებზე და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნებზე (უშუალოდ მოსახლეობის ქსელიდან). სასმელი წყლის კვლევის სპექტრს ჩვენს ლაბორატორიაში დაემატა კალციუმის, მაგნიუმის და სალმონელას კვლევები. ჩამდინარე წყლების ლაბორატორია ამჟამად გადის აკრედიტაციის პროცესს. ხელშეკრულება მზადაა აკრედიტაციის ცენტრთან და წლის ბოლომდე დასრულდება პროცესი. ლაბორატორია აწარმოებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის, სატუმბო სადგურების და სანიაღვრე სისტემების წყლების კვლევებს ევრო სტანდარტების შესაბამისი მეთოდიკით”,- განაცხადა მარიკა გვიანიძემ.
ამასთან, „ბათუმის წყლის” გენერალურმა დირექტორმა, საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებას ახალი ვებგვერდი წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„ახალი ვებ-გვერდის მეშვეობით აბონენტებს ეძლევათ საშუალება მიიღონ სხვადასხვა სერვისები. დარეგისტრირდნენ აბონენტად, მიიღონ ინფორმაცია დარიცხვის შესახებ, ჩამოტვირთონ ინფორმაცია პირადი ბარათიდან, გაეცნონ მომსახურების პირობებს, შეცვალონ საკონტაქტო ინფორმაცია, მიიღონ ყველა ინფორმაცია სიახლის შესახებ რასაც სთავაზობს მომხმარებლებს ორგანიზაცია. მინდა ყურადღება გავამახვილო სამომავლო გეგმებზე, წყალმომარაგების ქსელის გაფართოება: ადლიის დასახლებაში. აეროპორტის ტერიტორიაზე. ქ. წამებულის, დიდგორის, მ. აჭარელის ქუჩებზე. გონიოს ახალი რეზერვუარის ექსპლუატაციაში მიღება და მოსახლეობის გამრიცხველიანება. თოდოგაურის დასახლებაში სასმელი წყლის ქსელის გაფართოება. ხელვაჩაურის ტერიტორიაზე დაქსელვის გაგრძელება. სპეც-ტექნიკის (სატუმბო მანქანები) შეძენა.სასმელი წყლის ლაბორატორიაში მძიმე მეტალების კვლევის აღჭურვილობის შეძენა და ადგილზე კვლევის დანერგვა“, – განაცხადა გვიანიძემ.