არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს წარადგენს

770

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის ერთიან კანდიდატს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ  პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო” ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ “თავისუფალი საქართველოს” ინიციატივით დაიწყო ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები, რომლის მიზანიც იყო ოპოზიციას (გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“) წარედგინა თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი.
“კონსულტაციები გაიმართა “დემოკრატიულ მოძრაობასთან”, ლეიბორისტულ პარტიასთან, “პატრიოტთა ალიანსთან”, სხვა პარტიებთან, რაც გაშუქდა მედიით.

სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილმა საერთოდ იგნორირებით უპასუხა ჩვენს ინიციატივას. განსაკუთრებით გულდასაწყვეტი იყო რომ ერთიანი კანდიდატის შესახებ ძალზე საინტერესო კონსულტაციების შემდეგ ტელევიზიით შევიტყვეთ ჩვენი მეგობრების – “პატრიოტთა ალიანსის” მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელება.

ვინაიდან უკვე გამოიკვეთა რეალური სურათი, ჩვენ უახლოეს დღეებში დავასრულებთ კონსულტაციებს ოპოზიციის იმ ნაწილთან (პირველ რიგში “დემოკრატიულ მოძრაობასთან”), რომელმაც მკაფიოდ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა გაერთიანებაზე და ორშაბათს დავასახელებთ თბილისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატებს.

ვფიქრობ საზოგადოებას არ გაუჭირდება გააკეთოს დასკვნა, ადგილობრივ არჩევნებზე თუ რომელი პოლიტიკური ძალებისთვის არის მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილებები და რომლისათვის – საკრებულოს თითო მანდატის მოპოვება”. – აცხადებენ პარტიაში.

ამასთან, “თავისუფალი საქართველოს” განცხადებით, კონსულტაციებისთვის კარი ორშაბათამდე და ორშაბათის შემდეგაც ღიაა ყველა ოპოზიციური ჯგუფისთვის, რომელიც “გულწრფელად ისახავს მიზნად გაერთიანებას და ამ გზით რეალურ ცვლილებებს ჩვენს სიცოცხლით არცთუ ისე სავსე ქალაქში”.

წყარო: ინტერპრესნიუსი