როგორ იმუშავა ბათუმის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა პანდემიის დროს – კარგი პრაქტიკის მაგალითები თვითმმართველობებიდან

706
covid-19-ის გავრცელებამ ჩვენი ქცევები დიდწილად შეცვალა – ვერიდებოდით თავშეყრის ადგილებს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას, ვუფრთხილდებოდით საკუთარ თავს და გარშემომყოფებს…
 
თუმცა, მაშინ, როცა ჩვენ თავდაცვის უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდა, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც, საკუთარი საქმიანობის გამო, ვალდებულებებიც გაეზარდათ და გაცილებით დიდი რისკის წინაშეც დადგნენ. მათ შორის იყვნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები…
 
პანდემიამ შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიური საქმიანობაც. ამ პროცესმა მუნიციპალიტეტებში პრობლემებიც გვიჩვენა და კარგი პრაქტიკის არაერთი მაგალითიც შექმნა.
 
მაგალითად, ბათუმი იყო პირველი ქალაქი, სადაც მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდა. ამ ქალაქში ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით ამ დრომდე მუშავდება.
 
სიუჟეტი პანდემიის დროს ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოვლენილი კარგი პრაქტიკის მაგალითზე მოგვითხრობს. ის მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც ქართველ პარტნიორებს პანდემიის მართვაში ეხმარებოდა.
 
შეგახსენებთ, რომ GIZ, გერმანიის მთავრობის დავალებით, 1992 წლიდან ეხმარება საქართველოს. ორგანიზაცია პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისათვის“ ფარგლებში, ხელს უწყობს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და რეგიონულ განვითარებას.