თურნავა: არ გველოდება მარტივი ზამთარი და ამიტომაც, მილიარდ ასი მილიონი სოციალური პაკეტისთვის იხარჯება

530

არ გველოდება მარტივი ზამთარი და სწორედ ამიტომაც, მილიარდ ასი მილიონი მთლიანობაში იხარჯება სოციალური პაკეტისთვის , – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე სოციალური მიმართულებისთვის დამატებითი სახსრების მობილიზება არ გახდება საჭირო. ამასთანავე თურნავამ აღნიშნა, რომ ბიზნესის დახმარებისთვის ცალკე პაკეტია შემუშავებული.

„ახლა მთლიანი მოცულობითი პაკეტი უკვე დაანონსებულია. ჩვენც ვფიქრობთ, რომ იმ პირველი გაჯანსაღების ნიშნებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი ეკონომიკა იჩენს, ალბათ, წლის ბოლომდე ეს იქნება ამ ეტაპზე საკმარისი, თუმცა ეს არ მოიცავს ბოლომდე ბიზნესის დახმარებას, ეს ცალკე პაკეტია, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ამაზე. არ გამოვრიცხავ, რომ ტურიზმისთვის კიდევ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის მოდიფიცირება ხდება მუდმივად, მაგრამ რაც შეეხება სოციალურ პაკეტს, საკმაოდ მოცულობითია, მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი, პრაქტიკულად, წლევანდელი ბიუჯეტიდან უკვე წავა ამისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეტის საჭიროება წელს არ დადგება სოციალური მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეკონომიკა ამუშავდეს. იმისთვის, რომ ჩვენ ცოტა კიდე შევამსუბუქოთ ეს შედეგები და არ დაგვჭირდეს დამატებითი თანხების მობილიზაცია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკა უფრო მეტად ამუშავდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.