ბათუმში, ჭაობის დასახლებაში ერთდროულად 19 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება.
„უკვე დასრულდა 3 ქუჩის კეთილმოწყობა, 13 ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. უახლოეს პერიოდში კი, დამატებით 3 ქუჩის კეთილმოწყობა დაიწყება. ჩვენ, ახლა ვიმყოფებით ურეხის შესახვევში, სადაც სანიაღვრე სისტემის მოწყობა ხორციელდება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, ჭაობის დასახლებას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, რაც უხვი ნალექის დროს პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე სისტემის მონტაჟის შემდგომ აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვნად არის შემცირებული”, – აცხადებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა ლუკა ასათიანის ქუჩისა და ლადო ასათიანის ჩიხის, ასევე თევრათ გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობა.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.