„ბათუმის წყალი“: სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს

538

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი Escherichia coli ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა, არ შეესაბამება სიმართლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმის წყალი” ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, “ბათუმის წყლის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს.

„ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ლაბორატორია სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესაბამისად ახორციელებს. ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ყოველდღიურად ხორციელდება. ონკანებთან მისვლამდე სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. წყალმიმღებიდან აღებული წყალი გადის ორჯერად ქლორირებას, იფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში.

„ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს. ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ.

ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით. კომპანია „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ISO 17025-ის 2017:2018 მფლობელია. ISO სტანდარტის და აკრეტიდაციის დაცვა უმკაცრესი მოთხოვნების შესრულებას ნიშნავს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ,,ბათუმის წყალის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღეა მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ ბათუმში ბავშვების ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა. მათ ნაწილს თბილისის კლინიკაში გადაყვანაც კი დასჭირდათ. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მაუწყებელმა გაავრცელა.

მშობლები ყვებიან, რომ დაავადება დიარეით და ღებინებით იწყება, შემდეგ კი რთულდება. ბავშვებს ძირითადად თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები ექმნებათ, რამდენიმე მათგანს დიალეზიც კი დასჭირდა. ისინი ბათუმის სამედიცინო დაწესებულებიდან იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ წყლის სინჯები ბოლოს 20 დღის წინ აიღეს და ის სუფთაა.

”წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 60 ნიმუშს ვაგზავნით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზაფხულში წყლის ხარისხის კონტროლს, რადგან დამსვენებელი ჩვენს რეგიონში ბევრია. წყლის ხარისხი არის იდეალური, მაგრამ ხშირად მოსახლეობა ფიქრობს, რომ ეს არის წყლისმიერი ინტოქსიკაცია რაც არასწორია. ზღვის წყლის სინჯებსაც ვიღებთ, ის საბანაოდ ნებადართულია, მაგრამ დასალევად რა თქმა უნდა არ ვარგა. არის შემთხვევები, როცა ძალაუნებურად გვეყლაპება და შეგრძნება აქვს ხოლმე ინტოქსიკაციის. ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს დახლზე დადებული სურსათის – განსაკუთრებით რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორპროდუქტების მიმართ” – აცხადებენ სააგენტოში.