გუდაურში სასმელი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ახალი ჭაბურღილების მოწყობა მიმდინარეობს

649

წყალმომარაგების კომპანია დაბა გუდაურში წყლის ჭაბურღილების მოწყობას მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაასრულებს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 1 600 000 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჭაბურღილების მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც სათავე ნაგებობაზე გაიზრდება სასმელი წყლის დებიტი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „იმედი XXI” ასრულებს.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურს, მზარდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, არსებული სათავე ნაგებობების წარმადობა კი ვერ აკმაყოფილებს წყალმომარაგების მოთხოვნას სეზონის პიკურ პერიოდში. პროექტის განხორციელების შედეგად, გუდაურის მოსახლეობასა და იქ ჩასულ დამსვენებლებს წყალმომარაგების კუთხით არსებული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

გარდა ამისა, კომპანია გუდაურში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობასა და ხელოვნური გათოვლიანებისთვის რეზერუარის წყლით შევსების სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 65 მილიონ ლარზე მეტია.