აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 306 974, 6 ათასი ლარითაა განსაზღვრული

528

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატან ცვილებებზე იმსჯელეს.

უმაღლესი საბჭოს ცნობით, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის – ჯაბა ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 306 974, 6 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ხარჯვითი ნაწილი კი – 338 474,6 ათასს ლარს შეადგენს.

მინისტრის თქმით, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მიღებული გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, რეგიონში კვლავ შეუფერხებლად გაგრძელდება ყველა პროგრამა და პროექტი.

„კორონავირუსთან დაკავშირებული მოლოდინების გამო 10 მილიონი ლარით იზრდება კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი და ეს თანხა საკარანტინე სივრცეებისთვისაა გათვალისწინებული.

იზრდება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიც და ის, პროექტის თანახმად, 48 მილიონ ლარს აჭარბებს. გაზრდილ ბიუჯეტში სკოლების რეაბილიტაციისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სხვა ღონისძიებებია გათვალისწინებული.

კანონის პროექტით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 15 მილიონ 700 ათასი ლარია. გაზრდილი ბიუჯეტი, რიგ პროგრამებთან ერთად, სოფლად მეწარმეობისა და ციტრუსოვანთა მოსავალის რეალიზების ხელშეწყობის პროგრამებზე გაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად გაგრძელება-დასრულებისათვის 10 მილიონი ლარით იზრდება ბათუმის მუნიციპალიტეტის კაპიტალური ტრანსფერი“, – აღნიშნულია უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას, ამასთან დაკავშირებით, ჯაბა ფუტკარაძის შემდეგ, დეტალურად ისაუბრა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. მისი განცხადებით, უწყების ბიუჯეტი, პროექტის თანახმად, 26 მილიონ 837 ათასი ლარია და რიგ პროგრამებში იზრდება ბენეფიციართა რაოდენობა.

მინისტრებმა უპასუხეს კომიტეტის წევრების შეკითხვებს და განმარტეს ცალკეულ პროგრამებთან დაკავშირებული დეტალები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.