ბოლნისის სოფელ მუშევანამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

417

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა, შედეგად 1100 გრძივ მეტრ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 623 099 ლარი შეადგინა.

ინფრასტრუქტურული პროექტის მე-3 ეტაპის განხორციელების შემდეგ, სოფლამდე მისასვლელი გზა სრულად მოწესრიგდება. აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 6 448 796 ლარის ღირებულების 13 მსხვილი პროექტი ხორციელდება.

„საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. როგორც მოგეხსენებათ, სოფელი მუშევანი 67-დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. მოსახლეობის თხოვნა შევასრულეთ და სოფლამდე მისავლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგების პროექტის მეორე ეტაპი განვახორციელეთ. სოფლამდე გზის მოწყობის სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა სრულად მოუგვარდება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.