აჭარის უმაღლესი საბჭო ბიუჯეტში ცვლილებების განხილვას იწყებს

512

აჭარის უმაღლეს საბჭოში კანონის პროექტის – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების განხილვის პროცედურები იწყება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-19 სხდომაზე მიიღეს. საკითხებზე, რომლებიც ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარუდგინა, მომხსენებელი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – ჯაბა ფუტკარაძე იქნება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

„ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ჩაეშვა უმაღლესი საბჭოს წევრის – დავით გაბაიძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების შესახებ“; რომელიც სამი მოსმენით განიხილება. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

განხილვის პროცედურები იწყება»აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებითაც. წამყვან კომიტეტს განესაზღვრა განხილვის ვადა. ორივე კანონის პროექტი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა – დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

ბიურომ მხარი დაუჭირა ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზეIII მოსმენით განხილვას. საკითხი ბიუროს წევრებს ინიციატორმა – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.