აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წლის ექვსი თვის მონაცემებით, პარტიების შემოსავალმა 12 878 002 ლარი შეადგინა.
შემოსავალები ამგვარად განაწილდა – „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 5 929 492 ლარი, მოძრაობა „ლელო“ -1 494 915, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -1 047 180 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ -948 246 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 749 255 ლარი, სხვა პარტიები – 2 708 914 ლარი.
2020 წლის 6 თვის ფინანსებში, პარტიათა შემოწირულობა 7 004 696 შეადგენს. ყველაზე მეტი შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
ექვსი თვის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ შემოწირულობამ შეადგინა 4 720 251 ლარი, „ლელო“ – 1 494 915 ლარი, (ის სრულად შემოწირულობით ფინანსდება, რადგან მას საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვს). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 465 869 ლარი, „ევროპული საქართველო“ 145 900 ლარი, „პატრიოტები“ 144 000 ლარი, სხვა პარტიების შემოწირულობა 33 596 ლარი.
რაც შეეხება შემოწირულებების გადანაწილებას პოლიტიკური პარტიების მიხედვით, შემოწირულებების 67% მიღებული აქვს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს”, შემდეგია „ლელო საქართველოსთვის”, რომელმაც 2020 წლის 6 თვეში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებების 21% მიიღო, შემოწირულებების 7% აქვს მიღებული „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2-2% მოდის “ევროპულ საქართველოსა” და „საქართველოს პატრიოტთან ალიანსზე”.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების ხარჯებს, მიმდინარე წლის 6 თვეში მათი ხარჯები 12 მილიონ ლარს აჭარბებს და მათ შორის რეკლამის ხარჯი 1 მილიონ ლარამდეა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ბესიკ ქოჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სულ 263 პოლიტიკური გაერთიანებაა რეგისტრირებული და მათ შორის აქტიურია 80. 2020 წელს 13 პოლიტიკური გაერთიანება დარეგისტრირდა.
2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაზე მიღებული განაცხადების რაოდენობა კი 68-ს შეადგენს.