ფოთის საკრებულო 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით, დეპუტატებმა სულ 373-ჯერ გააცდინეს. მათ შორის 341-ჯერ არასაპატიო მიზეზით. ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი, 42 სხდომა არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, აპოლონ ბჟალავამ და ფრაქცია “კოლხეთის” თავმჯდომარემ, მაია ჩხარტიშვილმა გააცდინეს. მარიამ ჩხარტიშვილმა ჯამში 43-ჯერ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო ეს გაცდენა საპატიო.
რაც შეეხებათ დანარჩენ დეპუტატებს, მათი სამი წლის მონაცემები ასეთია:
31 გაცდენით მესამე პოზიციაზეა მმართველი პარტიის წევრი დავით კვიციანი. ყველა გაცდენა არასაპატიოა.
30 გაცდენა აქვთ “ქართული ოცნების” წარმომადგენელ მალხაზ ფოჩხუას (ყველა არასაპატიო),
ამდენივე პაატა ჩაგანავას, ფრაქცია კოლხეთის თავმჯდომარის მოადგილეს (არასაპატიო).
“ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს” წევრმა ვახტანგ დარცმელიძემ, წარმომადგენლობითი ორგანო სამი წლის განმავლობაში 25-ჯერ გააცდინა არასაპატიო მიზეზით.
ენმ-ის წევრმა დავით ხომერიკმა 23-ჯერ, ასევე არასაპატიო მიზეზით.
19-19-ჯერ არ დაესწრნენ სხდომებს “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ ხარჩილავა (არასაპატიო მიზეზი), “ქართული ოცნების” წევრი ნინო ბაკურაძე (არასაპატიო მიზეზი) და მმართველი პარტიის წევრი დავით ესებუა (არასაპატიო მიზეზი).
15 გაცდენა აქვს “ოცნების” წევრ ზურაბ ჩაჩუას. მათ შორის 12 არასაპატიო მიზეზით. ის ამ პოზიციაზე მიმდინარე წლის 29 აპრილს აირჩიეს.
12-ჯერ გააცდინა საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კაკულიამ სხდომა. მას უფლებამოსილება შეუჩერდა 2019 წლის 18 ნოემბერს. მანამდე კი, ორ მოქმედ და ერთ ყოფილ საჯარო მოხელესთან ერთად 8 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.
ირაკლი კაკულია მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
8-ჯერ არ დაესწრო სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე (3 არასაპატიო მიზეზით).
ამდენჯერვე გააცდინა სხდომა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ოლეგ ნაჭყებიამ (ყველა არასაპატიო).
შვიდი გაცდენა აქვს “ოცნების” წევრ სამსონ კუტალიას (არასაპატიო). ამდენივე უმრავლესობის წარმომადგენელ თორნიკე ხაჩილავას (არასაპატიო).
5-5-ჯერ გააცდინეს სხდომები “ოცნების” წევრმა თორნიკე კირთაძემ (არასაპატიო), ასევე მმართველი პარტიის წევრმა ბაქარ ერაგიამ (3 არასაპატიო), ენმ-ის წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ (არასაპატიო).
4-4-ჯერ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ჯემალ მიგინეიშვილმა (3 არასაპატიო), მმართველი პარტიის წევრმა თორნიკე შონიამ (არასაპატიო).
სამჯერ “ოცნების” წევრმა ხვიჩა ცხვიტარიამ (ერთი არასაპატიო).
2-2-ჯერ “წართული ოცნების” წევრმა აკაკი დარჯანიამ (არასაპატიო), “შენების მოძრაობიდან” იაგო თავართქილაძემ (არასაპატიო), “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა მამუკა ხორავამ (არასაპატიო) და “ოცნების” წარმომადგენელმა თამარ თოფურიამ (არასაპატიო).
ყველაზე ცოტა, ერთი გაცდენა აქვს მმართველი პარტიის წევრ ზვიად დგებუაძეს (საპატიო).
“გამჭვირვალობის” თქმით, ფოთის საკრებულოს რეგლამენტით არ არის დაზუსტებული საკრებულოს წევრის მიერ სხდომის გაცდენისას რა შემთხვევა ითვლება არასაპატიო მიზეზად. საკრებულოს რეგლამენტი ეყრდნობა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” ჩანაწერს, რომლის თანახმადაც საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, თუ იგი “არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში”.