ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგებისას საკანალიზაციო მილი დაზიანდა

442

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ასფალტის გარკვეული ფენის დაგების შემდეგ, საკანალიზაციო ჭიდან წყალი ამოვიდა. რის გამოც, დაგებული ფენა აყარეს და მის ადგილზე წყლით სავსე ორმო დარჩა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საკანალიზაციო მილის დაზიანების გამო, ასფალტის შემასწორებელი ფენა რუსთაველის ქუჩაზე, #103 კორპუსთან აყარეს: „გუშინ დაასხეს ასფალტი, მერე წყალი ამოვიდა ქვემოდან. მოიყვანეს ტექნიკა, ამოთხარეს ისევ ეს ასფალტი დატოვეს ორმო და წავიდნენ“, – ამბობენ ადგილობრივები.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ წყალი დაზიანებული საკანალიზაციო ჭიდან ამოვიდა, თუმცა გზის ამ მონაკვეთზე ასფალტის დასხმა დასრულებული ჯერ არ არის: „აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში არიან. კანალიზაციის მილია დაზიანებული, გავაკეთებთ და ამის მერე დავაგებთ ასფალტს, ეს არის შემასწორებელი ფენა, დაგებული არ არის ასფალტი ბოლომდე. მანამდე ეს ჭა არ ჩანდა“, – აცხადებენ მერიაში.

ქალაქში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „არალი“ ასრულებს.