უსიამოვნო სუნი ქალაქში – რუსთავის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

393
რუსთავის მერია

რუსთავის მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქცია უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ მოეწყო. როგორც აქციის ორგანიზატორებმა “ინფო რუსთავთან” განაცხადეს, სოკოს საწარმოს კომპოსტირების პროცესის რუსთავიდან მოშორებით გადატანის პირობა ჯერაც არ შესრულებულა. აქცი-პერფორმანსის მთავარი მოთხოვნა სწორედ ამ პირობის შესრულება იყო.

“ჩვენი აქ შეკრების მიზეზი არის ის უსიამოვნო სუნი, რაც რუსთავს და არამარტო რუსთავს ისევ აწუხებს. მიუხედავად გაცემული დაპირებებისა, განაპირა მიკრორაიონებში ძალიან მძაფრად იგრძნობა სუნი და ხშირ შემთხვევაში შემოდის ქალაქის შუაგულისკენაც. ჩვენი მერი იყო ქარხანაში, სადაც დაპირდნენ, რომ ტექნოლოგიები შეიცვლებოდა და არცერთ დასახლებას ეს სუნი აღარ შეაწუხებდა. აქ გამოვფინეთ ფოტომასალა სწორედ ამ ვიზიტიდან, ფოტოები მერის ფეისბუქ გვერდიდან არის აღებული”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა კურტანძე.

კურტანიძის თქმით, კომპოსტირების პროცესის გადატანის საკითხი თავიდანვე ბუნდოვანი იყო, რადგან საწარმოს ხელმძღვანელობა გარკვეულ დეტალებს საკითხის ირგვლივ არ ასაჯაროებდა.

“იყო დაპირება, რომ ახალი ტექნოლოგიეების დანერგვასთან ერთად ჩვენ არ შეგვაწუხებდა სუნი, რაც არ შესრულდა. იყო დაპირება კომპოსტირების პროცესის გადატანასთან დაკავშირებით, რაც არ შესრულდა. ამ პერფორმანსით მინდა მოვუწოდო, პირველ რიგში, კომპანიას, რომ კეთილსინდისიერად განახორციელოს თავისი საქმიანობა და შემდეგ შესაბამის პირებს, განახორციელონ მონიტორინგი”, – განაცხადა ნიკა კურტანიძემ.