სახელმწიფო პროგრამამ “აწარმოე საქართველოში” 2019 წელს 1.1 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც “ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს 750 ათას ლარამდე შესწირეს – მონაცემებს “ფლანგვის დეტექტორი” შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის კვლევით, 2019 წელს სსიპმა საერთო ჯამში 22 მილიონი ლარით დააფინანსა კომპანიები, აქედან 7.2 მილიონით – სასტუმროების ხელშეწყობა.
დაფინანსებული სასტუმროების მესაკუთრეებმა, სხვადასხვა წლებში, “ქართულ ოცნებას” 471 ათასი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 271 ათასი ლარი შესწირეს.
იმავე წელს “აწარმოე საქართველოში”-მ 180,000 ლარით დააფინანსა 2 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებიც რუსეთის მოქალაქეები არიან – აცხადებენ “ფლანგვის დეტექტორში”
სსიპ “აწარმოე საქართველოში” სახელწიფო უწყებაა, რომლის მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება და კერძო სექტორის განვითარება წარმოადგენს.
2019 წელს ამ სსიპმა 281 პროექტი დააფინანსა, საერთო ჯამში 22,331,323 ლარით. აქედან წარმოების მიმართულების დაფინანსებაში დახარჯა 15,086,402 ლარი, ხოლო სასტუმროს ხელშეწყობის მიმართულებით – 7,244,921 ლარი.
ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა 2019 წელს სასტუმროების დაფინანსება. ამ მიმართულებით საერთო ჯამში 102 პროექტი დაფინანსდა.
დაფინანსებული კომპანიებიდან 12 კომპანია ქართული ოცნების ან ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 476,000 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 271,000 ლარი.
“აწარმოე საქართველოში”-ს მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს შორის არის 2 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებიც რუსეთის მოქალაქეები არიან: შპს “ლეო 444” 150,137 ლარით დააფინანსა აწარმოე საქართველომ. კომპანიის მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა. ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან შპს მაგნეტიტის მესაკუთრეები, რომელიც 2019 წელს 30,904 ლარით დაფინანსდა.
“აწარმოე საქართველოში”-ს მიერ დაფინანსებული კომპანიებიდან ქართული ოცნების ყველაზე დიდი შემომწირველი კომპანია შპს სევსამორაა. კომპანიამ დაფინანსების სახით 2019 წელს 209,668 ლარი მიიღო.
კომპანიის მესაკუთრეს, გიორგი გაგუას ქართული ოცნებისათვის ჯამში 147,000 ლარი აქვს შეწირული. დაფინანსების მიღების შემდეგ 2019-2020 წლებში მან 110,000 ლარი შესწირა პარტიას. გიორგი გაგუას ასევე თანხები შეწირული აქვს სალომე ზურაბიშვილისათვის, რომელსაც 60,000 ლარი შესწირა 2018 წელს, – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორი” ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2716048208670612