ევროკავშირმა ხაშურის წყალმომარაგებისთვის 58 მლნ ევრო გამოყო

497

საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხელი მოაწერეს 58 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებას ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების აღდგენის სამუშაოების დასაფინანსებლად. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ევროკავშირმა დამატებით 7,15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის რეგიონული სააგენტოს დირექტორმა, გაელ ასაიაგმა მოაწერეს.

„ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარების“ პროექტისთვის შემუშავებული ხელშეკრულების მიზანი ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა ა წყალარინების თანამედროვე სისტემების შექმნაა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, დომენიკ პაპენჰეიმი.

ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტს წყალი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო ნარჩენი წყლები ტრანსსასაზღვრო მდინარეში გაუწმენდავი სახით ჩაედინება, რაც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს გარემოზე, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.

პროექტს განახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG), წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ოპერატორი კომპანია. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) შესაძლებლობების გაძლიერებას, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.