რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში 9 საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

429

რუსთავში ჭყონდიდელის დასახლებაში 9 საცხოვრებელი კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის მიზნით, ორი პროექტი ხორციელდება. პროცესს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას ტვ4 ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა რჩეულიშვილის #2ა, #4ა; ჯავახიშვილის #3ა და #5ა-ში; ტოლსტოის #7ა და ბერიტაშვილის 6ა-ში.  6 კორპუსში შეიცვალა კარ-ფანჯრები და გამაგრდა-რეაბილიტირდა ფასადი.

პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო ღირებულება 238 437 ლარამდეა. საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია  20 მარტს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “შაგი-2010“-მა შეასრულა.

დასრულების ფაზაშია ბარნოვის #5ა, გიორგაძის #28 და ჩაპაევის #3 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების გამაგრება – რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

პროექტის ფარგლებში, ბარნოვის #5ა და გიორგაძის #28-ში საცხოვრებელი სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, ამასთან ერთად,  ჩაპაევის #3-ში აგურისფასადიან კორპუსზე გამაგრება-რეაბილიტაციისა და კარ-ფანჯრების გამოცვლის პარალელურად, მოეწყო აივნები. აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 273 263 ლარამდეა. სამუშაოები 25 მარტს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.