ქუთაისმა 5 ქუჩის რეაბილიტაციისათვის რეგფონდიდან 614 000 ლარი მიიღო

470

ქუთაისის ბიუჯეტში მეოთხე ცვლილება შევიდა. რეგიონული განვითარების ფონდიდან ქალაქმა 614 000 ლარი მიიღო. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის თქმით, მიღებული თანხით 5 ქუჩა რეაბილიტირდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ ქუჩებს: ასათიანის, რუსაძის, მარჯანიშვილის ქუჩის პირველი შესახვევი, გამსახურდიას ქუჩის მეექვსე შესახვევი და ნინოშვილის ქუჩის მეექვსე შესახვევი.

ასევე, წინა პერიოდში ქუჩების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი თანხების ეკონომიები დაკორექტირდა, რამაც ჯამში 208 000 ლარი შეადგინა.

ამ დროისთვის ქუთაისის ბიუჯეტი 78 841 100 ლარს შეადგენს. ბიუჯეტი დამტკიცებიდან 18 500 000 ლარით, ძირითადად ტრანსფერების ხარჯზე გაიზარდა.

რგფდან მუნიციპალიტეტი კიდევ 1 400 000 ლარს ელოდება.