ხარაგაულში საბავშვო ბაღი, უსახსრობის გამო, ვერ გაზიფიცირდება

354

წელს ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირება იგეგმებოდა. ამისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მზადდება. მამუკა ჭიპაშვილი ამბობს, რომ #2 საბავშვო ბაღი, ფინანსების უკმარისობის გამო, 2020 წელს ვერ გაზიფიცირდება. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის ხარჯებში წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 50 ათასი ლარი დაგეგმა. 40 ათასი ლარი გედსამანიასა და ღორეშაში ოთახების რემონტისთვის გაიხარჯება. ათი ათასი ლარით ამავე ბაღებისთვის ავეჯსა და ტექნიკას შეიძენენ. გარდა ამისა, ზვარესა და ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღების სველი წერტილების რემონტისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ამ გაერთიანებამ უნდა შეიძინოს.

ხარაგაულის #2 საბავშვო ბაღის შენობის გაზიფიცირებას, სავარაუდოდ, 32 ათასი ლარი სჭირდება.

ხარაგაულში მოქმედი 19 საბავშვო ბაღიდან ბუნებრივ აირზე ცენტრალური გათბობა ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში 2019 წლის ზაფხულზე დამონტაჟდა.