რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი დასრულდა

772

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის მიერ ორგანიზებული მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რუსთავში დასრულდა. სიმპოზიუმის მონაწილე რვა ქართველი და სამი უცხოელი სკულპტორი, საკუთარ კომპოზიციებზე და ქანდაკებებზე, რუსთავის ცენტრალურ პარკში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

მოქანდაკეებს ამანსიო გონსალესს, ნიკოლაი ფლესინგს, სალაჰ ჰამადს, ჯუმბერ ჯიქიას, ივანე გულედავას, ლევან ყიფშიძეს, ვლადიმერ იმერლიშვილს, ბექა დვალს, ირაკლი გოჩიტაშვილს, მანუჩარ ოქროსცვარიძეს და კორნელი რამიშვილს, ერთი თვის განმავლობაში ასისტენტობას თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები უწევდნენ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტები სიმპოზიუმში რუსთავის მერიასა და აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩართნენ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, მოქანდაკეთა სიმპოზიუმი რუსთავში პირველად 1990 წელს ჩატარდა. 1990-დან 1995 წლამდე, სიმპოზიუმი სამჯერ გაიმართა და მას საერთაშორისო ხასიათი ჰქონდა. 1990-95 წლებში ჩატარებული სიმპოზიუმის ფარგლებში, 21 სკულპტურა შეიქმნა, რომელიც ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზეა განთავსებული.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განვითარებულმა მოვლენებმა სიმპოზიუმები და სხვა მსგავსი ღონისძიებები საკმაოდ დიდი ხნით ჩააბარეს წარსულს. რუსთავის მერის დავით ჯიქიას ინიციატივით, ტრადიცია 2016 წლის ,,რუსთავქალაქობის“ ფარგლებში აღდგა და წლების შემდეგ, მოქანდაკეთა სიმპოზიუმი კვლავ გაიმართა. გასულ წელს სიმპოზიუმში 9 ქართველი მოქანდაკე იღებდა მონაწილეობას და 9 სკულპტურა შეიქმნა. საერთაშორისო სიმპოზიუმი 11 ივლისს გაიხსნა და მის ფარგლებში 11 სკულპტურა შეიქმნა. ორი სკულპტურა – ამანსიო გონსალესის ,,ადამიანი ღამურა“ და ნიკოლაი ფლესინგის ,,ქალაქის კარიბჭე“, რუსთავში უკვე განთვსდა, დანარჩენი 9 კი ქალაქის ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში უახლოეს პერიოდში დაიდგმება.

წყარო: ინტერპრესნიუსი