ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თემურ ღვინჯილიას და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს, მათე ღვინჯილიას პატიმრობა შეუფარდა.
დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით თითოეულისთვის 100 000 ლარის გირაოს მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა.
სასამართლო სხდომა 15 სექტემბერს ჩაინიშნა.
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის ერთი თანამშრომელი 26 ივლისს დააკავეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებული საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე ბრალდებული კი ამბობს, რომ მას უაქციზო სიგარეტი აფხაზეთში მცხოვრებმა პირმა აჩუქა და ის ახლობლებისთვის დასარიგებლად უნდოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ტყეში საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი „ტოიტა პრადოს“ მარკის მანქანა დატვირთეს უაქციზო სიგარეტით. გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.