ვინ აპირებს ხარაგაულის მერობას

682

ხარაგაულში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება. ვის დაასახელებენ მერობის კანდიდატად, – ამ შეკითხვით გამოცემამ, “ჩემი ხარაგაული” ხარაგაულში მოქმედი პარტიების სათაო და ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლებს მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ამ კვირაში დაასახელებენ ყველა იმ მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს, სადაც 31 ოქტომბერს მერის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, – ამბობს ამ პარტიის პრესპრესმდივანი გიორგი პატარაია, – მათ შორის განვიხილავთ ხარაგაულის ყოფილი გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის კანდიდატურასაც“.

თორნიკე ავალიშვილი ამჟამად საკრებულოს წევრი და ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარეა. ავალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2007-2012 წლებში იყო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ „პატრიოტთა ალიანსიდან“ ხარაგაულში მერობის პოსტისთვის თემურ ფცქიალაძე იბრძოლებს. ის ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე დაიწყო. თემურ ფცქიალაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის პანდემიის მოტივით ხელისუფლება სექტემბრიდან ისევ სახლებში გამოგვკეტავს და ამიტომ ამომრჩევლებთან შეხვედრებს ასწრებს.

პარტია „ლელოს“, ჯერჯერობით, ხარაგაულში ოფისი არ გაუხსნია. ამ პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები „შენების მოძრაობის“ წევრები იქნებიან. ხარაგაულში „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ინგა მაღრაძე ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო, მერის თანამდებობა თუ ვაკანტური გახდებოდა.

„ხარაგაულის მერობისა და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარობის კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება, – ამბობს ინგა მაღრაძე, – ამჟამად ადგილზე ვარჩევთ მერობის კანდიდატს. კონკრეტულ პირებ, ჯერჯერობით, ვერ დაგისახელებთ. „ლელო“ ხარაგაულში ოფისის გახსნას აგვისტოს დასაწყისში გეგმავს. კანდიდატების ვინაობასაც მაგ დროისთვის გავასაჯაროებთ“.

გავრცელებული ინფორმაციით, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ხარაგაულში მერობის კანდიდატად ამჟამად მოქმედ პარლამენტარს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, კობა ლურსმანაშვილს დაასახელებს.

„ყველაფერი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – კონსულტაციები პარტიის შინგით მიმდინარეობს. თუმცა, მე როგორც ვფიქრობ, ხარაგაულთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

დგება პარლამენტის დეპუტატთა პროპორციული სია. შემოთავაზება აქედანაც მაქვს. საბოლოოდ, პარტია რასაც გადაწყვეტს, ჩემთვისაც ის იქნება მისაღები, ვინაიდან ამ გუნდის წევრი ვარ“.

კობა ლურსმანაშვილი პარლამენტარობამდე – 2013-2016 წლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.

ხარაგაულის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მერმა ნიკო თოფურიძემ თანამდებობა დატოვა.