რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება. რუსთავის მერიამ აღნიშნული შენობა-ნაგებობა აუქციონზე, მიმდებარე ტერიტორიის, 6 095 კვ/მ მიწის ნაკვეთთან ერთად გაიტანა. აუქციონზე კერძო ინვესტორმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
რუსთავის მერის მოადგილის, ბესო ტოგონიძის განცხადებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობით, ინვესტორი ვალდებულია კონკრეტულ ვადებში ტერიტორიაზე 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელოს. მისივე ცნობით, კერძო მესაკუთრემ ტერიტორიაზე დამცავი ღობის მოწყობის შემდეგ, კორპუსის დემონტაჟი რვა თვის ვადაში უნდა უზრუნვლეყოს.
“თქვენ იცით რომ ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს და დღეს არ დაწყებულა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. სახელმწიფო გვეთანამშრომლა ამ კუთხით. დამატებით მიწის ნაკვეთი გადმოგვცა, კორპუსი გავაერთიანეთ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან ერთად და გამოვაცხადეთ აუქციონი. აუქციონი შედგა და ამავდროულად ჩვენ ჩავდეთ საინვესტიციო ვალდებულება რომ დემონტაჟთან ერთად უნდა განახორციელოს 3 წლის და 8 თვის განმავლობაში ინვესტიცია, ანუ 8 თვე დასჭირდება დემონტაჟს, თუმცა ერთი თვის განმვალობაში უნდა მოეწყოს შესაბამისი დამცავი ღობე და იქ უკვე უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, ხოლო 3 წლისა და 8 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს მყიდველმა 5 მილიონიანი ინვესტიცია და ამის საგარანტიო თანხა 500 000 ლარი წარმოდგენილია შესაბამისი შესყიდვის პროცედურებიდან გამომდინარე,” – განაცხადა ბესო ტოგონიძემ.
ცნობისთვის, კორპუსის დემონტაჟს მოქალაქეები წლებია ითხოვენ. მოსახლეობა ღიად საუბრობს, რომ შენობა საფრთხისშემცველია და იქ ხშირად ბავშვებიც თამაშობენ.