თეა ბაღდოშვილმა და ეკა ტატალაშვილმა ახალციხის საკრებულოს საქმე უზენაესშიც მოუგეს. ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც მეორე, ასევე მესამე ინსტანციის სასამართლოებმა ძალაში დატოვეს. ახალციხის საკრებულოს დაევალა ორივე მათგანი სამსახურში დააბრუნოს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაუროს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ახალციხის საკრებულოს ყოფილ თანამშრომლებს თეა ბაღდოშვილისა და ეკა ტატალაშვილს გუშინ, 25 ივლისს ჩაბარდათ.
ეკა ტატალაშვილის განცხადებით, ახალციხის საკრებულომ ორივე მათგანი სამსახურში უნდა დააბრუნოს და გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე იძულებით განაცდური საათების თანხაც უნდა გადაუხადოს.
„ჩვენი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მაგრამ იქ [საკრებულოში] თავისუფალი შტატები აღარ არის, ჩვენს ადგილზე უკვე მუშაობენ, გამოსავალი ისაა, რომ ან საკრებულომ დაამატოს ორი შტატი, ჩემი და თეა ბაღდოშვილისთვის, ან თუ ვერ დაამატებს, მაშინ განაცდურს, კიდევ ექვსი თვის ხელფასის ანაზღაურება უნდა დაამატოს. ამას ითვალისწინებს კანონი“, – ამბობს ტატალაშვილი.
მისი თქმით, თოთოეულ მათგანს იძულებით განაცდური საათების ანაზღაურებისთვის დაახლოებით 20–20 ათასი ლარი ეკუთვნით: „ჩვენი გათავისუფლება ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის გადაწყვეტილებით მოხდა და არა საკრებულოს თავმჯდომარის, ამიტომ ეს თანხა მან საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს“.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალციხის საკრებულო, ამ ეტაპზე უცნობია, თავმჯდომარე გელა ნოზაძე ამბობს, რომ მას ჯერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია და კომენტარს ვერ გააკეთებს.
რაც შეეხება ახალციხის მერიას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ “სასამართლო პროცესებში მერია მხარეს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს”.
მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ საკრებულოდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეკა ტატალაშვილმა და თეა ბაღდოშვილმა, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2018 წელს მიმართეს და საქმე მოიგეს კიდეც. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება საკრებულომ ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი უზენაესში გაასაჩივრა, თუმცა წააგო. საკანონმდებლო ორგანოს ინტერესებს ახალციხის სასამართლოში დაქირავებული ადვოკატი იცავდა.
ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის თემის საკრებულოში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, ქალაქის საკრებულოში, საორგანიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანგირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. თემისა და ქალაქის გაერთიანებისა და მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, თვითმმართველობაში არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.