გურჯაანში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

604

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის თქმით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 100-მდე პროექტი მიმდინარეობს. ამის შესახებ სპექტრი წერს.

„ინფრასტრუქტურული პროექტები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავყოთ, ეს არის რეგფონდებიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული. მიმდინარე პროექტებიდან 36 რეგფონდებიდანაა, 50 სოფლის პროგრამის და 15 ადგილობრივი. კეთდება: ჭაბურღილები, წყლის სათავე ნაგებობები, სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს ორი მინიმოედნის მშენებლობა. ველისციხის, ჩალაუბნისა და გურჯაანის მეორე სკოლაში მიმდინარეობს სველი წერტილებისა და სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კალაურისა და კარდენახის სკოლებს წელს მილენიუმის პროგრამით გვირემონტებს ემგეეფი. გარდა ამისა, არაშენდის, ვაზისუბნის, ვაჩნაძიანის, ჯიმითის, გურჯაანის პირველ და მესამე სკოლაში მოეწყობა სველი წერტილები. აქ სამუშაობს ძალიან მალე დავატენდერებთ, რომ სასწავლო წლისთვის მოვასწროთ,”- ამბობს ბერიძიშვილი.

მისივე თქმით, ამ ყველაფრისთვის ჯამურად 12 მილიონ ლარამდე თანხაა განსაზღვრული.