ქობულეთის მერი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

1060

ტოვებს თუ არა ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე თანამდებობას? აჭარის ტელევიზიას წყარო უყვება, რომ მირიან ქათამაძემ, შესაძლოა, პოსტი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დატოვოს.

მირიან ქათამაძე ამბობს, რომ გავრცელებული ხმები მისი თანამდებობის დატოვება უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

ქათამაძის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მერის თანამდებობის დატოვებისა და უმაღლეს საბჭოში გადასვლის შეთავაზება არ მიუღია და გავრცელებულ ხმებს ამასთან დაკავშირებით, სიცრუეს უწოდებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხეს ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის შესაძლო გადადგომის შესახებ.

„პარასკევს ქობულეთის მერთან ერთად მქონდა ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ქობულეთის მერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც თანამდებობა დატოვა ბათუმის არჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე უფლებამოსილების შესრულებას 2017 წლის 13 ნოემბერს შეუდგა.