თუ კი ბათუმის ტერიტორიაზე ცხოვრობთ, მსხვილფეხა პირუტყვი გყავთ და ერთ დღესაც შინ არ მოვიდა, შეგიძლიათ ადლიაში, სწორედ ამ ადგილზე მოძებნოთ. ადლიის 167 ნომერი, სწორედ ის მისამართია, სადაც სანდასუფთავების სამსახურს, ქუჩაში გამოსული პირუტყვი გადაჰყავს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
საქონლის ქალაქის ქუჩებში გაშვება 2015 წლის 11 სექტემბრიდან, ჯარიმას ექვემდებარება. საჯარიმო სადგომიდან მისი გაყვანა კი 20-დან 50 ლარამდე ღირს. ეს იმაზეა დამოკიდებული, საიდან აიყვანს მაკონტროლებელი პირუტყვს, უბრალოდ ქუჩიდან თუ სკვერიდან. თუ პატრონმა მას იმავე დღეს არ მიაკითხა, ყოველ დაკავებულ დღეზე, მოვლის საფასური, ათი ლარიც ემატება.
თენგო ქონდარიძე ერთ-ერთია, რომლის საქონელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეპატრონე ამბობს, რომ საჯარიმო სადგომი, ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს. საქონელს ღამეს ღია ცის ქვეშ ათევინებენ, სადაც მინდორიც კი არ არის. საქონლის გამოყვანა, მხოლოდ სამ დღეში შეძლო. თენგო ქონდარიძე ირწმუნება, რომ თითო პირუტყვისგან, ყოველდღიურად 8 ლიტრ რძეს იღებდა, ახლა კი ძროხები ოთხს ლიტრზე მეტს არ იწველიან. იგი ფიქრობს, რომ საქონელი „სანდასუფთავების თანამშრომლებმა“ დაკავებისას სცემეს.
მსხვილფეხა პირუტყვზე და ძალადობის ფაქტს უარყოფენ შპს „სანდასუფთავების სამსახურში“. მონიტორინგისა და ზედამხედვლობის ხელმძღვანელი, შოთა თოდაძე ამბობს, რომ საქონელი ადეკვატურ პირობებში ჰყავთ და უზრუნველყოფენ საკვებით და სასმელი წყლით.
მხოლოდ მიმდინარე წელს, სპეციალურ საჯარიმო სადგომზე „ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა“ 121პირუტყვი გადაიყვანა.