20 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შევიდოდა, თუმცა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღე სრულიად განსხვავებული განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში არ იქნება.
თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა საპარლამენტო სიაში მამუკა ბახტაძე.
“მამუკა ბახტაძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი. სწორედ ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას. რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის განცხადებას იმეორებს და ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი და ახალა უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი”.
დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.
„პროპორციულ სიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მიდის ბოლო კონსულტაციები, ისევე როგორც მაჟორიტარების შემთხვევაში, საბოლოო სურათი გამოიკვეთა გადაწყვეტილების გაცხადებამდე 2 კვირით ადრე. მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მამუკა ბახტაძის და გუნდის პოზიციას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, მმართველმა გუნდმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა. კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც.