სერგეენკო: სოციალური დახმარების არსებულ სისტემას არაერთი პრობლემა აქვს

494

არსებული მდგომარეობა სისტემურ გამოსწორებას მართლაც საჭიროებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან პრემიერმინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

სერგეენკოს განცხადებით, სოციალური დახმარების არსებულ სისტემას არაერთი პრობლემა აქვს.

„სოციალური დახმარების არსებულ სისტემას აქვს სამი სახეობის პრობლემა – ერთი ის, რომ რაოდენობრივად, სამწუხაროდ, არ არის ბევრი იმისთვის, რომ იყოს სრულფასოვანი არსებობისთვის საკმარისი, მეორე – 2019 წლის 1-ელ იანვრამდე, სანამ ცვლილებები შევიდოდა კანონმდებლობაში, ეს დახმარება დემოტივატორი იყო დასაქმების, რადგან როგორც კი მუშაობას იწყებდნენ და შემოსავალი უჩნდებოდათ, ეხსნებოდათ სოციალური დახმარება და მესამე – დაახლოებით, 1 % არის ე.წ. ბნელ კუთხეში, ანუ არსებული მეთოდოლოგია ამ 1%-ს ვერ ხედავს, შედეგად კი, თვეში 500-მდე ადამიანს შეიძლება არასწორად მოეხსნას ან დაენიშნოს სოციალური დახმარება. რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას, მას ყურადღებით გაცნობა სჭირდება, რადგან 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დასაქმების შემთხვევაში პროგრამის მონაწილეს უნარჩუნდება ორივე – მონეტარული და არამონეტარული პრივილეგიები და მეორე წელს მხოლოდ არამონეტარული, რაც ნიშნავს ჯანმრთელობის პაკეტს და ა.შ. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არა მარტო განლევადი სოციალური დახმარებისკენ, არამედ აქტიური დასაქმებისკენ უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული. ვემხრობი და ვადასტურებ, რომ სწორი მიმართულებაა.

ვერ დაგეთანხმებით, რომ მმართველობის 9 წლის თავზე ხდება ეს ყველაფერი. 2015 წელსაც იყო ჩვენი პარადიგმა, რომ სოციალური პაკეტის შენარჩუნება გავაკეთეთ და აქტიურად დავეხმარეთ დასაქმებით. პოლიტიკური გადაწყვეტილება ამაზე 2015 წელსაც იყო, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ზეეფექტური ნაბიჯები იყო და ჩემი აზრით, გაძლიერებას საჭიროებდა. არსებული მდგომარეობა სისტემურ გამოსწორებას მართლაც საჭიროებს“, – განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის მეორე ინიციატივას, რომლის თანახმადაც უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის საკითხი, სერგეენკო ამბობს, რომ ამასაც ემხრობა, თუმცა აცხადებს, რომ პირებს, რომლებიც აღნიშნულ მედიკამენტებს მოიხმარენ, მკურნალობა-რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეთ.