მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის, კაპანახჩის და ალგეთის ტერიტორიულ ერთეულებში სასმელი წყლის სისტემას აწყობენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ახალი ხაზის გაყვანის შემდეგ სოფელ ალგეთში, თაზაქენდში, ჰაჯისქენდში, ქუთლიარში, ამბაროვკაში, ალგეთის ღვინის მეურნეობასა და ქეშალოში სასმელი წყალი გავა. სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი იანვარში გამოცხადდა, სამუშაოები მარტში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პანდემიის გამო პროექტის განხორციელება მაისში დაიწყო.
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოები უკვე მეორე ეტაპზეა გადასული და მაქსიმუმ ორ თვეში მოსახლეობას ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება.
„სოფელ კაპანახჩის მხარე უკვე დასრულებულია. კაპანახჩის მხარეს მდებარე სოფელ ამბაროვკაში, ქეშალოს ერთ ნაწილსა და ალგეთის ღვინის მეურნეობაში დავასრულეთ სამუშაოები და ვფიქრობ, რომ უკვე მომავალი კვირიდან, ეს სოფლები, სასმელი წყლით იქნებიან უზრუნველყოფილი. ასევე, მუშაობა დაიწყო ხაზის მეორე ნაწილზეც. ეს ქუთლიარის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე სოფლების და ალგეთის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფას გულისხმობს,“ – განაცხადა ზაურ დარგალმა
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებისათვის 3 150 685 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.