თალაკვაძე: საპარლამენტო სიას ძლიერი კადრებით დავაკომპლექტებთ

435

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საინტერესო პროგრამას წარადგენს.

თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავადაც მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში.

„ჩვენს გუნდთან ერთად, რასაკვირველია, მეც ვაპირებ მივიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეხება პროპორციულ სიას, უახლოეს მომავალში მას წარვუდგენთ საზოგადოებას. სიაში ჩვენი გუნდის არაერთი გამოცდილი წევრი იქნება, ასევე იქნებიან ახალი ადამიანები, რომლებმაც უნდა შემოიტანონ პოლიტიკაში ახალი ენერგია, იდეები, პროგრესი. ვართ მომავალზე ორიენტირებული გუნდი და რასაკვირველია, დავაკომპლექტებთ სიას ძლიერი კადრებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თავად მერამდენე იქნება სიაში.

„ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. „ქართულ ოცნებასთან“, ჩემს გუნდთან ერთად მეც ვგეგმავ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ წარვუდგენთ საზოგადოებას ძალიან საინტერესო პროგრამას.

თუ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, გადაწყვეტილებას მიიღებს მეათე მოწვევის პარლამენტი, წინასწარ ამის თქმა უხერხულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძე არის გუნდის წევრი, ამიტომაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციას.

„რაც შეეხება საპარლამენტო სიაში მისი ყოფნის საკითხს, ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ მამუკა ბახტაძის შესახებ საუბრისას.

ამასთან, არჩილ თალაკვაძეს შეკითხვა დაუსვეს მარნეულის ყოფილი მერის, ​თემურ აბაზოვის სიაში ჩასმასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიაზე.

„მოკლედ გიპასუხებთ, ეს იყო უსაფუძვლო სპეკულაცია და ინფორმაცია, რომელიც მედიაში გავრცელდა და იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.