მარნეულის ცენტრალური პარკის მოვლა-შენახვის ალტერნატივას მერია ჯერ არ ამხელს

398

თითქმის ერთ თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მარნეულის ცენტრალური პარკის მოვლა/შენახვის ვალდებულების გადაცემის დაჩქარებაზე მარნეულის მერიამ განცხადება გააკეთა, თუმცა ამ დრომდე ეს მოვალეობა არავის დაკისრებია. 22 ივლისს მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ განაცხადა, პარკთან დაკავშირებით ალტერნატიული გზა მონახეს, რომელის შესახებაც ინფორმაციას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოგვაწვდიან. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„მოვლა-შენახვაზე ისედაც, რა თქმა უნდა, შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორთან, ლერი მუმლაძესთან იქნება ეს საკითხი. ვინაიდან, ინფრასტრუქტურა იქ ახალი მოწყობილია და თანხები არის ბიუჯეტიდან დახარჯული, ჩვენ სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილება მივიღეთ, რასთან დაკავშირებითაც მალე გაცნობებთ –  ჯერ უბრალოდ არ მინდა გავაჟღერო,“ – თქვა ლაშა ლობჯანიძემ.

რეკრეაციული ზონის მოსაწყობად მერიამ 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა, გახსნიდან ხუთ თვეში, პარკში ინვენტარის უმეტესობა დაზინდა. სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. მათ შორისაა საბავშვო ზონა, სადაც საქანელების უმეტესობა მწყობრიდანაა გამოვიდა. ფაქტობრივად, ყველა მათგანი ახლა კუსტარულადაა შეკეთებული, საქანელების ნაწილი კი ადგილზე აღარაა.

მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „ინტერტექნოლოგმა“ ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.