აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე „ლელოს“ შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ რიგებს უერთდებიან ის ადამიანები, რომლებიც ერთ დროს „ქართული ოცნების“ აქტიური წევრები იყვნენ.
„თქვენ იცით და ხედავთ, თუ როგორ ძლიერდება „ლელო“ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენი გამორჩეული, ახალი ადამიანი გვემატება, საქართველოს სხვადახვა კუთხიდან. 2012 წლის არჩევნები იყო გადამწყვეტი და ქართულ საზოგადოებას ჰქონდა იმედი, რომ „ქართული ოცნება“ მოახერხებდა საზოგადოების კრიზისიდან გამოყვანას, ეკონომიკის ამუშავებასა და ყველა იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც ასე უხვად დაარიგა წინასაარჩევნო პერიოდში. გავიდა 8 წელი და ჩვენ ყველამ ერთად დავინახეთ არათუ რაიმეს განხორციელება, არამედ ქვეყანა ღრმა ძილს მიეცა, პრაქტიკულად გააჩერეს, დაამუხრუჭეს, ყველა მიმართულებთ ქვეყანაში კრიზისია. ამ პროცესმა იმ ადამიანების იმედგაცრუება და პროტესტი გამოიწვია, რომლებიც ერთ დროს „ოცნების“ აქტიური წევრები იყვნენ. ჩვენ გვემატებიან ადამიანები, რომლებიც ამ იდეალებისთვის იბრძოდნენ და დღეს ჩვენ გვიერთდებიან, გუშინდლამდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, დღეიდან „ლელოს“ აქტიური წევრი, აქტიური თანამებრძოლია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, როგორც ჯამბულ ხოზრევანიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ რიგები იმიტომ დატოვა, რომ ეს გუნდი თავის აქტივისტებს არ აფასებს.
„2005 წლიდან ვიბრძოდი უკეთესი საქართველო რომ გვქონოდა. სამწუხაროდ, გუნდი, სადაც მე ვიყავი, იმ რეჟიმის გაგრძელებაა, რაც 2005-2012 წლებში იყო. ეს არის გუნდი, რომელიც თავის აქტივისტებს არ აფასებს. ამ ადამიანებთან, „ლელოსთან“ ერთად ვფიქრობ, რომ მოსახლეობას პირობას შევუქმნით, მივცემთ იმედს, გამოვიყვანთ უიმედობიდან“, – განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.