ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ატმოსფერული ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური დაიდგა, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰაერის შემადგენლობას და დაბინძურების დონეს განსაზღვრავს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სადგურის დადგმის საკითხი ჯავახიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დაისვა.
“ქუჩის მაცხოვრებლები, ნავსადგურის გაფართოების შედეგად ჰაერის დაბინძურებასა და ხმაურის მატებას აპროტესტებენ. სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ხელმძღვანელობით ფოთის მერიაში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან გასულ კვირას შეხვედრა გაიმართა, სადაც ყველა არსებული პრობლემა განიხილეს, მათი გადაჭრის გზებზე კი სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დამონტაჟებული იქნა საგზაო ნიშნები, რაც სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას არეგულირებს. ჰაერის მონიტორინგის შედეგების შესწავლის შემდეგ დასახული იქნება შესაბამისი ღონისძიებები”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.