“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, დავით კირკიტაძემ, რუსთავში ცემენტის ქარხანასთან ბრიფინგი გამართა და ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გააპროტესტა.
“გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომლებიც ზომავენ ჰაერის დაბინძურებას და ერთ-ერთი სადგური უყენიათ ქალაქ რუსთავში, რუსთავში 365 დღიდან 325 დღე ჰაერი იყო ან ძალიან დაბინძურებული, ან მეტნაკლებად რომელიც უფრო უქმნის საფრთხეს სიცოცხლეს. ძალიან სამწუხარო ციფრია ეს, ამას ყოვლედღიურად ვაწყდებით. ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი მტვრის მყარი ნაწილაკებია…
მთავარი წარმომქნელი ამ ნაწილაკების არის ცემენტის ქარხანა, რომელიც 2017 წლიდან ეკუთნის ბიძინა ივანიშვილს და საერთოდ მოშლილია ყველაფერი, რაც ეხება გარემოს დაცვას. ვერავინ ვერ უბედავს მას, რაიმე რომ უთხრან, შეამოწმონ და შესაბამისად რაიმე დააკისრონ და მოსთხოვონ. ეს არის მორჩილების მავნე ზეგავლენა. რომელმა პარლამენტარმა რუსთავიდან ამოიღო ხმა ამის წინააღმდეგ?! ქალაქის მერი და სახელმწიფო რწმუნებული ერთხელ მაინც მოვიდნენ და ნახონ, როგორ ბინძურდება ქალაქი. ისინი ვალდებული არიან არა ხალხთან, არამდებ ბიძინა ივანიშვილთან და ვერ გაუბედავენ ვერაფერს”,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.
“ინფო რუსთავი” დაინტერესდა, როგორ აფასებს დავით კირკიტაძე “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს, თუმცა, მან კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.