წლების განმავლობაში მოუგვარებელი სარწყავი წყლის პრობლემა სოფელ პირველ ქესალოში

709

ზაფხულის დადგომასთან ერთად მარნეულის სოფლებში სარწყავი წყლის პრობლემა იჩენს თავს. პრობლემები ძირითადად იმ სოფლებშია, რომლებიც სარწყავი არხებიდან მოშორებით მდებარეობს. ერთ-ერთი ასეთი სოფელი პირველი ქესალოა. აქ მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

მოსახლეობის თქმით, თავიანთი ხარჯებით, მდინარე მტკვარში წყალსაქაჩი ტუმბოები განათავსეს და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს მათი დახმარებით რწყავენ, მაგრამ ტუმბოების მუშაობა მათ ძვირი უჯდებათ. პირველი ქესალოელები ამბობენ, რომ 2016 წელს სოფელში დაფინანსება გამოიყო და ჭაბურღილი მოეწყო. გარკვეული პერიოდი მოსახლეობა ამ ჭაბურღილით სარგებლობდა, შემდგომ კი ჭაბურღილი დაზიანდა.

„გააკეთეს ეს ჭაბურღილი, რომ ვითომ მთელი უბანი ისარგებლებსო. 2016 წელს გაკეთდა. მერე ხალხს დააბრალეს, რომ ვითომ ჩვენ არ გვინდოდა. ტუმბო პატარა იყო და მეორე დღესვე ამოიღეს და წაიღეს. მოგვატყუეს და დღეს არანაირი წყალი არაა. უწყლობით მიწაზე ყველაფერი ფუჭდება,“ – ამბობს პირველ ქესალოში მცხოვრები კაცი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობამ სარწყავი წყლის გადასახადისაგან მოსახლეობა გაანთავისუფლა. პირველი ქესალოს მოსახლეობას სახელმწიფო დახმარებით სარგებლობა სურს.

„ბაღ-ბოსტანია და წყალია საჭირო ამისთვის. მილი გააკეთეს და ესეც ძვირი ჯდება. სარწყავი რომ იყოს იაფი დაგვიჯდებოდა. 1 ტონა 5 ლარი ღირს და მოდი და გადაიხადე ახლა. მიწა დამუშავებულია, მაგრამ წყალი რომ არაა ვერაფერიც ვერ მოგვყავს. ნახეთ იონჯა რა დღეშია. სოფლელებს არანაირი დახმარება არ აქვთ ყველაფერი ქალაქისთვისაა გათვალისწინებული,“ – გვეუბნება პირველ ქესალოელი კაცი

საქართველოს მელიორაციის მარნეულის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე შუკაკიძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სოფელ პირველ ქესალოში მელიორაციის სამსახურს სატუმბო სადგური არ აქვს.

„წელს სახელმწიფოს მიერ დიდი შეღავათი გაკეთდა, სარწყავი წყლისთვის გადასახადი გაუქმებულია. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ეს ალგეთის წყალზე დამოკიდებული მოსახლეობაა. მინდა აღვნიშნო, რომ მდინარე ალგეთზე ჩვენ არანაირი წყლის ტუმბო არ გაგვაჩნია. მხოლოდ ორ ადგილას, ჩვენი და 9 აპრილის არხი იკვებება. დანარჩენი წყალი, როგორც წესი, მტკვარში უნდა წავიდეს, მაგრამ მდინარეში წყალი არ რჩება და ამიტომ ფარცხისის საცავიც არ ივსება. სოფელში წყლის სისტემა რთულია. წლების განმავლობაში მოსახლეობა ამ სისტემით არ სარგებლობდა. თავიანთი ტუმბოს სადგური შექმნეს. ეს არის პირადი საკუთრება და მე ვერავის ვერ ვეტყვი არ ისარგებლეთო. თუ მდინარეში წყალი არის ისარგებლონ,“ – ამბობს ალექსანდრე შუკაკიძე.

ალექსანდრე შუკაკიძემ ისიც აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობამ სატუმბო სადგურები თავიანთი ხარჯებით მოაწყო და ეს მათი საკუთრებაა.