რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა

503

რუსთავში კოსტავას განახლებული ქუჩა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი,  ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრნენ. ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ღონისძიება ველორბოლით დაიწყო. ქუჩის შუაგამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში, რუსთაველმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს. მოეწყო ძველი რუსთავის ფოტოების გამოფენაც. ველორბოლის დასრულების შემდეგ კი რუსთაველი ველომოყვარულების დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართა.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი – ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად.

მეორე პროექტით კი, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარეგანათების თანამედროვე ქსელი.

შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე. “ჯი აი ზეტ”-თან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით მოწყობილია ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

საერთო ჯამში, ქუჩის რეაბილიტაციისთვის 6 მილიონზე მეტი დაიხარჯა.

“კოსტავას გამზირი არის ძველი ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული უბანი. პროექტის ორ ნაწილად იყო დაყოფილი და მიცავდა, როგორც ფასადების სრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ასევე გზის საფარის რეაბილიტაციას, არსებული რეკრეაციული სივცის კეთილმოწყობას. ჩვენს მიერ მოხდა აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა, პროექტის ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ერთი წელი და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით მოვახდინეთ ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ხედავთ, რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა, პროექტის საერთო ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. ეს ერთ-ერთი ღირებული პროექტია თუ არ ჩავთვლით სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტს, რომლის ღირებულება 13 მილიონ ლარამდეა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.