პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ისინი, ვინც ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების სიაში მხოლოდ ერთი ქალის ყოფნას აკრიტიკებენ, “ოცნებას” კვოტირების შემოღებისთვის აკრიტიკებდნენ. მისი თქმით, ასეთი ადამიანების მხირდან “ოცნების” სიაში მხოლოდ 1 მაჟორიტარი ქალის მოხვედრის ფაქტის გაკრიტიკება “სირცხვილია”.
როგორც თალაკვაძე ამბობს, პოლიტიკაში ქალთა და კაცთა თანაბრად მონაწილეობის უზრუნველსაყოფად კანონი სწორედ ქართულმა ოცნებამ მიიღო.
მისი თქმით, ახალ პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა იქნება მეტი და უფრო მეტად გარანტირებული, ვიდრე ეს იყო ნებისმიერ წინა პარლამენტში.
“პროპორციული სიის წარდგენას დაელოდნონ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები და ნახავენ რამდენი ქალი იქნება ახალ პარლამენტში. სხვათაშორის, უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ამაზე შენიშვნებს გამოთქვამენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს კვოტების შესახებ ინიციატივას პარლამენტში. ეს გავაკეთეთ ჩვენ, ისტორიაში პირველად. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც, რომლის მიხედვითაც პოლიტიკაში ქალთა და კაცთა მონაწილეობა შედარებით თანაბარად არის უზრუნველყოფილი”, — განაცხადა თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
“ქართულ ოცნებამ” მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა. ამასთან, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ყველაფერს “წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას”.
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები 2 ივლისს დაამტკიცა. ცვლილებები გენდერულ კვოტირებასაც მოიაზრებს და გულისხმობს, რომ პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე იყოს განსხვავებული სქესის. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა ამას ფარისევლობად აფასებდა.
მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს 30%-იან დანამატსაც, რომელსაც მიიღებს პარტია, რომელსაც სიის ყოველ ოთხეულში 1 ქალი ეყოლება.
კვოტირების შესახებ ჩანაწერის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და პოლიტიკური პარტია გირჩი. ქალთა პარტიის შექმნას და საკონსტიტუციო სასამართლოში დავას აანონსებს ტაბულას დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილიც.