21 ივლისს, 12:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მეორე სხდომა გაიმართება. სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 18 თებერვალს გაიმართა.
2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მერია სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას ითხოვს.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა. ფონდის სააპელაციო მოთხოვნაა, სასამართლომ პირდაპირ დაავალოს მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება, რომ მერიას არ ჰქონდეს ახალი დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმის კიდევ უფრო გაჭიანურების შესაძლებლობა.
EMC-ის ცნობით, სასამართლოში მიმდინარე დავა შეეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე დისკრიმინაციული უარის კანონიერებას, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე . ხელისუფლების მხრიდან მრავალჯერადი, უშედეგო დაპირების შემდეგ,
„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფმა“ 2016 წელს 12 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა და მეჩეთისათვის მიწის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას მიმართა, თუმცა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით შემხვედრი ნაბიჯები არ გადაუდგამს და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია.
ამის შემდეგ, „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ საკუთარი სახსრებით მიწის ნაკვეთი შეისყიდა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით 2017 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. მუსლიმ თემს ადგილობრივმა თვითმმართველობამ უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
2017 წლის ივნისში, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელის ძირითადი მოთხოვნა მუსლიმი თემის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე ბათუმის მერიის უარის ბათილად ცნობა, მერიისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალება, ასევე, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მისი შედეგების აღმოფხვრა იყო. იმ პირობებში, როდესაც ქალაქ ბათუმში, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს, არაერთი საეკლესიო ნაგებობაა აშენებული და ზოგიერთ შემთხვევაში მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთი მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა, სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემისთვის საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის სამართლებრივი შესაძლებლობის შეზღუდვა, აშკარად ავლენს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ინტერესებს სასამართლოში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავენ.