რუსთავის მერია: ქალაქს კიდევ ერთი ენერგოეფექტური ბაღი ექნება

547

რუსთავში 32-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება უკვე დაწყო.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, 32-ე საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, სასესხო-საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც პროექტის – ,, საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ ფარგლებში, სკანდინავიურმა გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია NEFCO-მ გამოუყო საქართველოს მთავრობას.

,,პრეოექტი ითვალისწინებს რუსთავის #32 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურ აღჭურვას. მოხდება შენობის სრული დათბუნება და გათბობის სისტემის მონტაჟი, რაც საშუალებას მოგვცემს ენერგორესურსები მნიშვნელოვნად დავზოგოთ. სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის ცნობით, პროექტის განხორციელებაში ჩართულია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსადაცვითი პარტნიორობის ფონდი (E5P) რომელმაც ხელმისაწვდომი გახადა საინვესტიციო და ასევე დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექნიკური თანამშრომლობის გრანტი.

პროექტის საწყისი საერთო ღირებულება 500 000 ლარია. რუსთავში, ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ენერგოეფექტური რეაბილიტაცია სამ საჯარო ბაღში უკვე განხორციელებულია, რომელიც „მდგრადი განვითარებისა და პოლიტიკის (SDAP) ცენტრის და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტი იყო.

რუსთავი ,,მერების შეთანხმების“ წევრი ქალაქი 2011 წელს გახდა, შეთანხმება 2020 წლამდე, CO2-ის ემისიის 20 %-ით შემცირებას და სხვადასხვა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას ისახავდა მიზნად. რუსთავი, ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელმაც ევროკავშირის ,,მდგრადი ენერგეტიკული კვირეული – 2020“ – ის ფარგლებში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე, – „სუფთა ენერგია, სიმწვანის აღდგენა და ზრდა“, ხელი მოაწერა ახალ ინიციატივას, ,,მერების შეთანხმების’’ 2030 წლამდე გახანგრძლივების და მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებების ახალი გეგმის შემუშავების თაობაზე.