გასაგებია, რომ კვლევა შეუკვეთა „ევროპულმა საქართველომ“ და მისმა მედიასაშუალებამ. ამ კვლევაშიც კი მათ 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს, – ასე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პოლიტიკური პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გარკვეული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნების რეალურ შედეგს 20-30%-ით ცდება ხოლმე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს აღნიშნული ორგანიზაციების მიუკერძოებლობაშიც შეაქვს ეჭვი.
„თუ თქვენ იტყვით, რომ უმრავლესობას ვერ აგროვებს ვერცერთი პარტია, შეცდომაა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით ალოკაციის შედეგები. საუბარია იმ ორგანიზაციის კვლევებზე, რომლებიც სულ რაღაც 20%-30%-ით ცდებოდნენ წინა წლების განმავლობაში, მაგრამ მოდით, მაინც ჩავყვეთ მათ. ალოკაციას თუ გააკეთებენ და ასე სპეკულაციურად არ მოგვაწოდებს შედეგებს მაგალითად, IPM, რომელსაც სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში მხარს უჭერს ხოლმე „ევროპულ საქართველოს“. შემდეგ, კვლევას ჩაატარებს CRRC და ის დაუჭერს მხარს, დავუშვათ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ყველაფერი შემთხვევითი არ იქნება. წლების განმავლობაში ასე ხდება და სულ ცოტა, 20%-ით ცდებიან ხოლმე. გუშინ გამოქვეყნდა Edison Research-ის კვლევა, რომელზეც არ ვიცით, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. მე ეჭვი მაქვს, რომ ისევ IPM-მა ჩაატარა. ამიტომ Edison Research-თან კითხვა მექნება, ვინ ჩაატარა საველე სამუშაო და შემდეგ უფრო მკაფიო იქნება ყველაფერი. გასაგებია, რომ კვლევა შეუკვეთა „ევროპულმა საქართველომ“ და მისმა მედიასაშუალებამ. ამ კვლევაშიც კი მათ 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, ხოლმე, რომ მათ 3% რეიტინგი აქვთ, გვიბრაზდებიან ხოლმე და თავის ჩატარებულ კვლევაში 5%-ზე მეტი ვერ დაუწერეს. იგივე კვლევას თუ გავყვებით, როდესაც ალოკაცია არ არის გაკეთებული და 20% გადაუწყვეტელი წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც 39%-იანი მხარდაჭერა დაუფიქსირდა, ამ კვლევითაც კი ყველაზე მარტივი ალოკაციით, ეს არის 49%-ზე მეტი და ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როდესაც ვიტყვით, რომ 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.