მუნიციპალიტეტებში შეხვედრების შედეგად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად დავიწყეთ მუშაობა 2021 წლის პროექტებზე, მათი განხილვა და თემებზე მსჯელობა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე დაათვალიერებისას განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ობიექტებს შორის, რომელიც მინისტრმა დაათვალიერა იყო: ამბროლაურში მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრი სამუშაოები და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ონში ბარი-მრავალძალის გზა, ონის ქუჩების კეთილმოწყობა, პიპილეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ლენტეხის კეთილმოწყობის სამუშაოები, ცაგერში კეჭნარის სკვერის, ქუჩების ასფალტირება, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.
,,წელს რაჭა – ლეჩხუმზე და ქვემო სვანეთზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილში 15 მილიონ ლარამდე თანხა იყო გამოყოფილი, აქედან დაფინანსდა 44 პროექტი, თუმცა არის კიდევ 2 პროგრამა რომლითაც ოპერირებენ მუნიციპალიტეტები. ესენია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ე.წ. სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ოთხივე მუნიციპალიტეტში პრაქტიკულად თითქმის ყველა პროექტის ნახვა მოვასწარით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამივე მიმართულება რეგფონდი, სკოლების პროგრამა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ 2 თვის განმავლობაში კოვიდის გამო პრაქტიკულად შეჩერებული იყო ყველა პროექტი, იმდენად კარგად განაახლეს ეს სამუშაოები, რომ ამ სამუშაოების, დაახლოებით, 60% დამთავრებულია. მუნიციპალიტეტებში შეხვედრების შედეგად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად დავიწყეთ მუშაობა 2021 წლის პროექტებზე, მათი განხილვა და თემებზე მსჯელობა,“ – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.