ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

625

ბორჯომის ისტორიული პარკის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ ბრძანება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.

„მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ბორჯომის ისტორიულ პარკს – ა) მინერალური წყაროები; ბ) გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო; გ) ხიდები; დ) მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა; ე) ჰიდროელექტროსადგური.

დაევალოს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტ(ებ)ის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში.

სააგენტოს იურიდიულმა სამსახურმა კი ერთი თვის ვადაში ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.